გამარჯობა, საქართველოს მოქალაქევ! მე ნინო ბაქრაძე ვარ, „აი, ფაქტის“ დამფუძნებელი და რედაქტორი. 2012 წელს ქუთაისიდან თბილისში რომ წავედი, მაშინ მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ აქ, ამ სიტყვებით მოგესალმებოდით.

ამ პირობის შესრულება მარტივი არ იყო, ბევრი ნერვიულობა და შრომა დასჭირდა. 2016 წელს მე და ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა, ნინო გაგუამ თბილისში შევქმენით გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი.“ ორგანიზაცია მხოლოდ საერთაშორისო დონორებისგან გაცემული გრანტებით ფინანსდება და ამ რესურსით ბევრი ისეთი თემა გავაშუქეთ, რომელიც სხვა მედიებს ყურადღების მიღმა რჩებოდათ. ბევრი ცვლილებაც მოჰყოლია ჩვენს მასალებს და ამით ძალიან ვამაყობთ. 

თბილისში საქმიანობამ  ბევრი რამ მასწავლა და კარგი საფუძველი მომცა იმერეთში ამ საქმის დასაწყებად. ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ჩვენი იდეა მოიწონა, საქმის წამოსაწყებად საკმარისი გრანტი მოგვცა და ასე გადმოსახლდა „აი, ფაქტი“ იმერეთში. ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსება 18 თვეზეა გათვლილი. ამ დროში უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს შეგვიძლია საზოგადოებასა და მთავრობას შორის შუამავლები ვიყოთ და ხალხის პრობლემების მოგვარებაში დიდი როლი ვითამაშოთ.  

ჩვენი მთავარი მიზანი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. უთქვენოდ კი ეს არ გამოგვივა. ინფორმირებული მოქალაქე, რომელმაც იცის, რა ხდება მის გარშემო და ობიექტურად აღიქვამს რეალობას, აჩქარებს ქვეყნის განვითარებას. ჩვენ რომ ქვეყნები მოგვწონს, ძლიერი ეკონომიკა რომ აქვთ და ხალხსაც ლუკმა-პური არ უჭირს იქ, აქტიური და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების მიერაა აშენებული. 

ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენ თქვენ გჭირდებით. ჩვენ მოგაწვდით გადამოწმებულ, ობიექტურ ინფორმაციას და თქვენ გექნებათ ინფორმაცია იმაზე, რაც იმერეთში და თქვენს ქალაქში ხდება. თვეში ერთჯერ გამოვცემთ გაზეთს, რომელიც 1 ლარი ეღირება. იმას, რაც გაზეთში ვერ დაეტევა, ამ საიტზე იპოვით.

ვიცით, რომ ქართული ჟურნალისტიკა არაა მოწოდების სიმაღლეზე და ბევრ თქვენგანს იმედსაც ხშირად უცრუებს. ამის შეცვლაც გვინდა და ჟურნალისტიკის სტანდარტის მაღლა აწევაც. თქვენი არგუმენტირებული და ობიექტური კრიტიკა კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებაში. ამიტომ შენიშვნები მოგვწერეთ, რაც მეტს მოგვწერთ, მით უფრო კარგი საერთო საქმისთვის. 

თქვენს სამსახურში ექვსი ჟურნალისტია, რომლებიც, პირველ რიგში, ამ ქვეყნის კარგი მოქალაქეები არიან: 

ნინო ბაქრაძე – რედაქტორი.
საკონტაქტო ინფორმაცია: ninobakradze@ifact.ge;
ტელ:  555289039  
ანა ჭეიშვილი – ჟურნალისტი.
საკონტაქტო ინფორმაცია: anacheishvili@ifact.ge;
ტელ: 593402404
თამუნა ქიმაძე – ჟურნალისტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:  kimadzetamuna@ifact.ge;
ტელ: 568997196 
გიორგი ჯანგავაძე – ჟურნალისტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:  giorgijangavadze@ifact.ge;
ტელ: 599536887
შორენა ლაღაძე – ჟურნალისტი/მედიატორი.
საკონტაქტო ინფორმაცია: shorenalagadze@ifact.ge;
ტელ: 557562366
ნინო გაგუა – დიზაინერი.
საკონტაქტო ინფორმაცია: ninogagua@ifact.ge 

შეგიძლიათ, ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით გაგვიზიაროთ თქვენი რჩევებ ან გვაცნობოთ თქვენს გარშემო არსებული პრობლემების შესახებ. ჩვენ ინფორმაციას მათთან მივიტანთ, ვისაც ამ პრობლემების გადაწყვეტა და  მოგვარება შეუძლია. 

იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს პირადადაც შევხვდებით, 

პატივისცემით, 

ნინო ბაქრაძე