იმერლების გასაჭირიმთავარი

როგორი იქნება ქუთაისის გენგეგმა?

მთავარი ფოტოს ორიგინალი ვერსია ეკუთვნის Georgian Travel Guide-ს.

საბჭოთა პერიოდის ქუთაისი სამრეწველო ქალაქია ფაბრიკა-ქარხნებითა და ახალი დასახლებული ადგილებით. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ქალაქმა ინდუსტრიული ფუნქცია დაკარგა. უკვე ათეულობით წელია, ქუთაისი ახალი დანიშნულების ძიებაშია. წინა ხელისუფლების პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, ქალაქი საპარლამენტო ცენტრი იყო. “ქართული ოცნების” უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ პარლამენტი და სხვა სამთავრობო უწყებები კვლავ დედაქალაქს დაუბრუნდა. ქუთაისს კი  გამოუყენებელი შენობები და კვლავ ფუნქციის მაძიებლის სტატუსი დარჩა.  ყველა არჩევნების წინ პოლიტიკოსები ქალაქს ჰპირდებიან ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება.

ქალაქმა რომ ქვეყანასა და რეგიონში საკუთარი ადგილი იპოვოს, ამისათვის განვითარებისა და განაშენიანების გენერალური გეგმა სჭირდება. ქუთაისი ახლა ამ გეგმის შემუშავების ეტაპზეა.

გასული წლის 14 ივლისს ქუთაისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებულს მერიისთვის ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფცია უნდა მიეწოდებინა. შესყიდვის ღირებულება 600,000 ლარი გახლდათ.

კონკურსში გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა “გეოგრაფიკმა” გაიმარჯვა. ქუთაისის მერიამ კანდიდატის შერჩევისას მისი გამოცდილება და იქ დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაცია გაითვალისწინა.

დადებული ხელშეკრულების მიხედვით, “გეოგრაფიკს” დოკუმენტები სამ ნაწილად უნდა მიეწოდებინა. პირველ ეტაპზე უნდა მომზადებულიყო ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის საბაზისო მონაცემები. მეორე ეტაპზე კომპანიას მერიისთვის უნდა მიეწოდებინა ქალაქის განვითარების ხედვისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების დოკუმენტი. მესამე ეტაპზე კი გენერალური გენგეგმის კონცეფცია. 

ამ დოკუმენტებზე “გეოგრაფიკთან” ერთად მუშაობდა: “Colleries International Georgia,” “შპს ურბანიკა,” “ტერაგრაფიკი,” “Smart Transportation Solutions” და დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულიაა.

“ახლა მუშავდება გენგეგმის კონცეფცია და არა თვითონ გენგეგმა,“ – გვეუბნება ირაკლი ჟვანია, ურბანისტი. ”ეს კონცეფცია განსაზღვრავს ქალაქის როლს რეგიონში. გამოავლენს ეკონომიკური განვითარების ასპექტებს. რა როლი შეუძლია ითამაშოს ქუთაისმა, რომელი სფეროს განვითარება იქნება მისთვის ხელსაყრელი. იქნება ეს განათლება, დავუშვათ, დასავლეთ საქართველოსთვის განათლების ცენტრი საუნივერსიტეტო. ასევე, შეიძლება ეს იყოს სამედიცინო მომსახურების ცენტრი. ახლა, ძირითადად, ეს ყველაფერი მაინც თბილისს აქვს აღებული.”

ირაკლი ჟვანია გვეუბნება, რომ ქალაქისათვის გენგეგმა მნიშვნელოვანი რამაა.  ქალაქს განვითარების დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. ასე უკეთ გავიგებთ, რა კუთხით სჭირდება განვითარება ქუთაისს, რომ უკეთესი, უფრო მიმზიდველი ქალაქი გახდეს. 

განვითარების ხედვის დოკუმენტში ვკითხულობთ, როგორი შეიძლება იყოს ქუთაისი 2040 წელს, თუ ის მითითებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ გიამბობთ. 

“გეოგრაფიკის” მოწოდებული დოკუმენტები აღწერს, თუ როგორ განვითარდა ქუთაისის მსგავსი წარსულისა და ადგილმდებარეობის მქონე ქალაქები ევროპაში. მაგალითად მოტანილია მანჩესტერი, კლუჟ-ნაპოკა, ეინდჰოვენი, ლაიფციგი, ივანოვო, ტარტუ.

აქამდე ქუთაისს ოთხი გენერალური განვითარების გეგმა ჰქონდა. ეს დოკუმენტები 1938, 1947, 1956, 1976 წლებში შემუშავდა.

ქალაქის დანიშნულება რეგიონში

განვითარების გეგმის მიხედვით, ქუთაისს ოთხი მისია აქვს: უნდა იყოს ევროპის კარიბჭე, დასავლეთ საქართველოს ცენტრი, ცოდნის სინერგიული ქალაქი და ეკო- ქალაქი.

ქუთაისის განვითარების ხედვის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ახლოს მდებარე კოპიტნარის აეროპორტისა (დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი) და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზების წყალობით,  ქალაქს შეუძლია გახდეს ქვეყნისა და რეგიონის მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი. კოპიტნარის აეროპორტს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ემსახურება. ეს შანსი და  საჰაერო გზით ევროპასთან სიახლოვე ქალაქმა ეკონომიკური წინსვლისათვის უნდა გამოიყენოს. ქუთაისის აეროპორტი დაეხმარება მეზობელ წყალტუბოსაც, რომ ტურისტებისათვის სასურველი ადგილი გახდეს.

აეროპორტისა და ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის სტატუსის მეშვეობით კი ქუთაისს შეუძლია გახდეს რეგიონის ტურისტული ცენტრი. ქალაქსა და მის შემოგარენში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრ ობიექტს ვნახავთ. ეს მის მნიშვნელობას ერთიორად ზრდის. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ადგილობრივი ტურისტული ობიექტების განვითარება, საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა ქალაქისათვის აუცილებელია.

განვითარების ხედვის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა პერიოდის კორპუსები საცხოვრებლად მიმზიდველი აღარაა, ამიტომ აუცილებელია მათი რეაბილიტაცია ან ახალი შენობების აგება. მნიშვნელოვანია მიტოვებული შენობების (ქარხნები, საცხოვრებელი სახლები, ყოფილი ციხისა და სამხედრო გარნიზონის ტერიტორია) აღრიცხვა, მათთვის ახალი ფუნქციების მინიჭება და ინვესტორებზე გაცემა.

მსხვილი წარმოებების გადმოტანა ქუთაისში ქალაქისთვის სასურველი სცენარია. სახელმწიფოს შეუძლია, სხვადასხვა შეღავათების დაწესებით, ისინი წაახალისოს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვლა, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ჩვენს ქალაქში წარმოება.

“ჯერ საკვლევია, სჭირდება თუ არა ქუთაისს მშენებლობები. თუ სჭირდება, რა სახის? საცხოვრებელი სჭირდება თუ ინდუსტრიის რაღაც დონით გამოღვიძება? რაც ადრე ჰქონდა ქუთაისს, ძველი მასშტაბებით, იმის აღდგენა გამორიცხული და არარეალურია. როგორ შეიძლება ასევე მიტოვებული ინდუსტრიული ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების გამოძებნა? ზოგან, შეიძლება, ეს სივრცეები პარკებისთვის იქნას გამოყენებული, ზოგან იქნება ახალი სამშენებლო განვითარებისთვის, ზოგან უბრალოდ, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის დატოვება, იქ რაღაც რეკრეაციული, სპორტული, დასათვალიერებელი ფუნქციებით გამოყენება. [ახლა მოხდება] ამ ყველაფრის დადგენა, ქალაქში არსებული პოტენციალის გამოვლენა და იმის სწორი განვითარება და საზღვრების დადგენა,’’ – გვიხსნის ირაკლი ჟვანია.

კონცეფციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძველი, ინდუსტრიული ნაგებობების ათვისება მნიშვნელოვანია. ყველა შენობას შეიძლება ახალი, განსხვავებული ფუნქცია მოეძებნოს. მათი ახალი დანიშნულება გენგეგმის შემუშავების ეტაპზე დადგინდება.

ციფრული ეკონომიკის შენება ქალაქის განვითარების კონცეფციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქი უნდა გახდეს მიმზიდველი უცხოელებისათვის, მათ შორის დისტანციურად სამუშაოდ. გარდა ამისა, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქალაქში სტუდენტების მოზიდვის ახალი ცენტრი იქნება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გაძლიერება, ბავშვების მოზიდვა და სკოლა-პანსიონად გადაკეთება, სტუდენტური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა – ეს სამომავლო გეგმებია, რომელიც ქუთაისს განათლების ცენტრად ქცევაში დაეხმარება.

გენგეგმის საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, ქალაქში საკმარისი მწვანე სივრცეა, მაგრამ შესაძლებელია, მათი მეტად ათვისება და გამოყენება. მაგალითად, ქალაქის ბოტანიკური ბაღის ორჯერ გაფართოება, ბესიკ გაბაშვილის გართობისა და დასვენების პარკის პოტენციალის სრულად ათვისება. ქალაქში არსებული სკვერებისა და დასასვენებელი ადგილების უმეტესობა ისეა გადანაწილებული, რომ ის ვერ ემსახურება მთელს ქალაქს. მერიაში ფიქრობენ, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ცენტრს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირონ.

კულტურული მემკვიდრეობა და ახალი მშენებლობები


არსებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ კვლევის შედეგად ქუთაისში ისტორიული უბნები გამოვლინდა: გორა; ოქროს ჩარდახი; რიონის მარცხენა სანაპირო; ებრაელების, კათოლიკეებისა და სომხების უბანი (შაომიანი); მწვანეყვავილა; ბალახვანი; ბჟოლები; რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და ბარათაშვილის ქუჩები; ძველი ყაზარმების უბანი. დოკუმენტში წერია, რომ ცენტრალურ ნაწილში არსებული სამრეწველო ობიექტები, ქაოტური და ადგილისათვის შეუსაბამო განაშენიანება გორას უბანში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ და ბაზრის ტერიტორიაზე, ისტორიული ტერიტორიების ღირსებას აკნინებს.

განვითარების ხედვის დოკუმენტში წერია, რომ ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. შესაძლოა ძველ შენობებს სხვა, ახალი ფუნქციებიც დაეკისროთ. აუცილებელია, გაიხსნას მდინარესთან ჩასასვლელები, რათა მდინარე ქვეითთათვის უფრო მიმზიდველი გახდეს. უფრო მეტიც, შეიძლება მდინარე რიონში არსებული კუნძულების დასასვენებელი მიზნებით გამოყენებაც.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს ქალაქის განვითარებას როგორც არსებულ, ისე გაფართოვებულ საზღვრებში. 

“საზღვრების ცვლილება რთული პროცედურაა და მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობასა და თანხმობას. ცალკეულ შემთხვევებში, ცვლილებები ქუთაისს მისცემს საშუალებას, რომ იზრუნოს ამ ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე. კონცეფციით გათვალისწინებული შემოერთებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მეტად მიეცემათ საშუალება, უკვე ოფიციალურად ისარგებლონ საქალაქო სოციალური ინფრასტრუქტურით და იცხოვრონ უკეთეს გარემოში.”

ქალაქი რომ გენგეგმის პროექტს პირწმინდად ასრულებდეს, მნიშვნელოვანია. მაგალითად, თბილისს განვითარებისა და განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ორიოდ წელია აქვს, მაგრამ მისი ბოლომდე აღსრულება ვერ ხერხდება.

“უარესობისკენ არ შეიძლება გენგეგმამ რაიმე შეცვალოს, თუკი გენგეგმა არის სწორი და  გამართული. კარგი ის არის, რომ უფრო დადგინდა პარამეტრები, გამოიყო ახალი ტერიტორიები როგორ უნდა განვითარდეს და ამ განგეგმის მიხედვით უკეთ ვიცით, საით უნდა წავიდეს ქალაქი. მაგრამ მეორე საკითხი არის გენგეგმას რამდენად მიჰყვებიან ხოლმე და რამდენად ხდება მისი შესრულება და აღსრულება მუნიციპალიტეტის მხრიდან. მონიტორინგი ერთია, შესრულება მეორე. თბილისშიც უკვე გვაქვს მაგალითები, როდესაც რაღაც ტერიტორიები, მაგალითად, ლისის ტბა სარეკრეაციო ტერიტორიებად მოიაზრა გენგეგმამ, მაგრამ იქ მაინც გაიცემა მშენებლობების ნებართვები,” – ამბობს ურბანისტი ირაკლი ჟვანია.

ახლა ქუთაისი გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ეტაპზეა. ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და კონცეფციას მასთან ერთად განიხილავენ. შემდეგი ეტაპი გენგეგმა იქნება, რომელმაც ქუთაისს განვითარების ახალი გზა უნდა აპოვნინოს.


Related posts
მთავარიმიჩქმალული ამბები

შენიღბული ინტერესთა კონფლიქტი ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერია ტენდერებს თავისი…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

რამდენი ადამიანი მართავს ქუთაისს?

ხატია ბანძელაძემ მერიაში განცხადება…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *