მთავარიიმერლების გასაჭირი

გოდოგნის გასაჭირი

ავტორები: თამუნა ქიმაძე და გიორგი ჯანგავაძე 

“გზა არ გვაქვს, დავიტანჯეთ, დაგვიყრიან ხრეშს და მიაქვს მერე წყალს. დაიცალა სოფელი, არავის უნდა აქ ყოფნა,” – გვიყვება სოფელ გოდოგანში მცხოვრები ჟანა ალფაიძე. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი გოდოგანი ქუთაისიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს. სოფელში დაახლოებით, 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან დაახლოებით, 70  ოჯახი რომელიც ველებას უბანში ცხოვრობს, გზით ვერ სარგებლობს. არსებულ შიდა გზაზე ავტომობილით გადაადგილება კი არა, ხალხს ფეხით სიარულიც უჭირს. უგზოობის გამო, სამარშრუტო ტაქსს 14 კილომეტრიანი გზის შემოვლა უწევს. არადა, შედარებით ნორმალური გზის პირობებში ქუთაისში ჩასვლას 15 წუთშიც შეძლებდნენ. სოფელს ეს პრობლემა ათეული წლებია აქვს და ადგილობრივ მთავრობას გზა კაპიტალურად ერთხელაც არ შეუკეთებია. ერთადერთი, რასაც მერია აკეთებს, ხრეშის დაყრაა, რომელიც წვიმის წყალს ვერ უძლებს ხოლმე. 

გზა ველებას უბანში

თუ მთლიანად არა, ამ გზის ყველაზე პრობლემური ნაწილის გაკეთება თერჯოლის მერიას 2018-2019 წლებშიც შეეძლო. როგორც აღმოჩნდა, ამ წლებში თერჯოლის ბიუეჯტში 3-3 მილიონი ლარი ნაშთად დარჩა, გაუხარჯავი. სწორი დაგეგმვისა და კომუნიკაციის პირობებში სოფელ გოდოგანში, ველებას უბანში, 70 ოჯახს ახლა გზა ექნებოდა. 

“გელათიც აქედან გადადის და მოწამეთაც აგერაა 2 კილომეტრში. ეს მარშუტკები როცა არ არიან, გელათის მარშუტს მივყვებით ქუთაისიდან და იქიდან ფეხით გადმოვდივართ. ასე ერთ საათში, საათნახევარში მოვდივართ სახლში,” – გვიყვება მაყვალა ქათამაძე. 

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მძღოლი კვირაში ერთხელ მათთვის ამოდის, ისიც ხალხის პატივისცემით. ლევან რობაქიძე ორი წელია გოდოგნის მოსახლეობას სამარშრუტო ტაქსით ემსახურება. ამ გზაზე სიარული მისთვის განსაკუთრებით რთულია.

“ხან რა უფუჭდება მანქანას, ხან რა. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები თუ სხვა, ერთი რომ წამოიბუქსაოს საბურავები ითლება. ჩვენც ცოდვა ვართ და ხალხიც ცოდვაა. კარგი გზა რომ იყოს, მარშუტი ორჯერაც ამოვა და სამჯერაც,” – ამბობს მძღოლი. 

ცუდი გზის გამო სოფელში სასწრაფო დახმარების და სახანძროს გამოძახებაც პრობლემაა.

“სასწრაფო დახმარება გზაზე რომ ვერ მოდის, მიდიან მერე აქედან. დავურეკავთ მეზობლებს, ვისაც ჯიპები ყავთ. შეხვდებიან სასწრაფოს და მოყავთ,” – ამბობს მაყვალა ქათამაძე. 

“სასწრაფო რომ ვერ მოვიდა დროზე, მოკვდა კაცი ეგერ, დაგვიანებით. ჩემი შვილიშვილი, 3 წლის ბავშვი, კრუნჩხვებში ჩავარდნილი, ქვისხიდში შევახვედრე სასწრაფოს, რომ ვერ მოვიდა,“ – გვეუბნება ეკა გიორხელიძე. 

პერიოდულად გზაზე “ხრეშს” ყრიან, რომელიც ძლიერ წვიმას მიაქვს ხოლმე.  გოდოგანის მკვიდრი, რუბენ აბესაძე გვიხსნის, რომ ამით როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე სახელმწიფოს ბიუჯეტიც ზარალდება: “აკეთებენ ახლა, რომ ვთქვათ, მაგრამ უაზრობაა ამის კეთება. უფსკერო “ბოჭკაში”, წყალი ხომ არ გაჩერდება. მოჭარბებული წვიმა მოვა და მიაქვს წყალს. ამით ზარალდება რაიონის და სოფლის ბიუჯეტი. ახლა რომ ბროშურა გამოვიდა, რა გაკეთდა და რა გაკეთდებაო, ეს გზა საერთოდ არაა იქ ნახსენები და როცა ამბობენ, მაშინ არ აკეთებენ რამეს და როცა არ ამბობენ, მაშინ გააკეთებენ?”

ჩვენ დავუკავშირდით სოფელ გოდოგნის წარმომადგენელს გურამ ცირეკიძეს. სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ გამოუვალი მდგომარეობა ამ ეტაპზე სოფელში არ არის და არც “მარშუტკებს” აქვთ რამე პრობლემა. ვესაუბრეთ ასევე, ამავე სოფლის დეპუტატს გიგა გიორგაძეს და სოფელში მოსახლეობასთან ერთად შეხვედრაზე შევთანხმდით. 

შეხვედრას 20 ადგილობრივი ესწრებოდა. სოფელში მოსულმა ცირეკიძემ გზაზე არსებული პრობლემა მაინც არ აღიარა. “ამ ეტაპზე ამ გზაზე გადაადგილება არ არის პრობლემა, სასწრაფოც მოვა აქ, პაჟარკამანდაც. წვიმის დროს ახლა ცას ვერ გავკერავ,” – ამბობს სოფლის წარმომადგენელი. 

მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა თერჯოლის საკრებულოში სოფლის დეპუტატი, გიგა გიორგაძეც. გიორგაძე აღნიშნავს, რომ გოდოგანში გზის ნაწილი მართლაც პრობლემურია და გადაჭრის გზებზეც ვისაუბრეთ. 

“როდესაც დასრულდება ცენტრალური გზა, ეს იქნება 2021 წლის გაზაფხულზე, შემდეგ შედგება პროექტი. თუ პროეტი არ შედგა, გზას ვერავინ ვერ დაიწყებს. 2021 წელს შეიძლება გაკეთდეს პროექტი, 2021 წლის ბიუჯეტი უკვე არის განსაზღვრული. საერთოდ, მომდევნო წელს გასაკეთებელი დგინდება წინა წელს. 2020 წელი სრულდება უკვე, საბიუჯეტო წელი არის დასრულებული, ამას გუბერნია არეგულირებს,” –  გვიხსნის გიორგაძე.

თერჯოლის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ურიადმყოფელი კი გვეუბნება, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტის მზადება მიმდინარეობს და ის ჯერ დასრულებული არ არის. 

“15 ნოემბრამდე გვაქვს ვადა. ცვლილებების შეტანა შეიძლება მუშა პროცესშიც თუ რაიმე გასათვალისწინებელი იქნება, შეიძლება 15 ნოემბრამდეც,” – ამბობს ავთანდილ ურიადმყოფელი. 

თერჯოლის მერიაში ურჩევნიათ, რომ ველებას უბნის გზის შეკეთების საკითხზე არჩევნების შემდეგ ვიმსჯელოთ. მანამდე კი თავიანთ ფინანსურ შესაძლებლობებს გადახედავენ. იმედი გვაქვს, რომ ეს მსჯელობა შედგება და თერჯოლის ბიუჯეტი აუთვისებელი ფულის ველებას გზის შეკეთებაზე დახარჯვას შეძლებს. 

Related posts
იმერლების გასაჭირიმთავარი

როგორი იქნება ქუთაისის გენგეგმა?

მთავარი ფოტოს ორიგინალი ვერსია…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

“ქვიშით აშენებულები” - ნაწილი II

ინგა ჯაჯანიძის სახლი საჩხერეში, მთის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

ბიუჯეტის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯები

საქართველოს ბიუჯეტის 40 პროცენტი…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *