მთავარიმიჩქმალული ამბები

ხიდი – ქვეყნის სახე

სოფელ ხომულსა და ქვილიშორს ერთი სამანქანო ხიდი აკავშირებთ. ხიდი წლების განმავლობაში შესაკეთებელი იყო და წყალტუბოს მერიამ მის გასარემონტებლად ფული 2016 წელს გამოჰყო. 2017 წელს, ანუ რეაბილიტაციიდან ერთი წლის შემდეგ ხიდის ჯებირების შიდა მხარე ისევ ჩამოიშალა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ შემთხვევას სწავლობდა. 2019 წელს დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც  წერია, რომ ხომული-ქვილიშორის ხიდის დაზიანება, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო მისი არასათანადო დაგეგმვით ან არაჯეროვანი შესრულებით, ხოლო მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია დაზიანების გამომწვევი მიზეზები და არც ხარვეზის გამოსასწორებლად გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს კომპანიისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად. 

დღემდე პასუხისმგებლობა არც პროექტის ავტორს დაკისრებია და მით უფრო, არც შემსრულებელს. შემსრულებელი წყალტუბოს საკრებულოს “ქართული ოცნება-მრეწველობის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ძმის კომპანიაა.

2016 წლის ივლისში წყალტუბოს სოფლებში ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა იყო. რამდენიმე სოფელში გზები და ხიდები დაზიანდა. მერიამ სექტემბერში გადაწყვიტა, რომ კონკურსის გამოსაცხადებლად დრო არ  ჰყოფნიდათ და საჭირო იყო სტიქიის შედეგებთან დაჩქარებულად ბრძოლა. ამიტომ ხელშეკრულება პირდაპირ შპს “ლ.დ.მ. მშენს” გაუფორმეს. კომპანია “ქართული ოცნება-მრეწველობის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ძმას ეკუთვნის. 

ჯამში, ამ ხარჯებისთვის მუნიციპლიტეტმა ბიუჯეტიდან 150,000 ლარი გაიღო. უშუალოდ ხიდის რეაბილიტაციისთვის კი 80,000 ლარი. 

შპს “ლ.დ.მ. მშენმა” სამუშაო 2016 წლის დეკემბერში დაასრულა და მერიას  შპს “არდას” მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ეს დასკვნა არც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე დევს და ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არც მერიამ მოგვაწოდა. შესაბამისად, უცნობია, როგორ ჩაუტარდა ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოებს ან რამდენად ხარისხიანად მიიჩნია ის შემმოწმებელმა. 

“ეს ხიდი გაკეთებულია უხარისხოდ, ხალხს კაი გაკეთებული ეგონა. უხაროდა ეს ხიდი რომ გაკეთდა, ხიდი ისევ საჭიროებს რესტავრაციას. ჯებირები თუ არ დაგრძელდა, წყალი ისევ მოვარდება და ჩამოშლის ქანებს. რამდენჯერაც ადიდდება ღელე, იმდენჯერ შლის მიწას,” – გვეუბნება სოფელ ხომულის მკვიდრი გურამ გოდერიძე. 

2017 წელს პერიოდულმა წყალმოვარდნებმა, რომელიც წყალტუბოს მხარეს ახასიათებს, ხიდის შიდა ნაწილი ისევ ჩამოშალა და მას შემდეგ ის ასეთ მდგომარეობაში იყო. კიდევ ერთხელ დაზიანებული ხიდის გამო, წყალტუბოს მერიაში საჩივარი შევიდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხიდის შეკეთებას და ჩამოშლილი ნიადაგის გასწორებას ითხოვდა.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანია “ლ.დ.მ. მშენთან”  და ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციაში არ იყო გათვალისწინებული, რომ კომპანიას უნდა შეეკეთებინა დაზიანებული ხიდი, კომპანიამ არ შეაკეთა დაზიანებული ხიდი,” – გვეუბნება წყალტუბოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფიკო ყანჩაველი, თუმცა კომპანიის დირექტორი იხსენებს, რომ კომპანიამ ღელეს ადიდების გამო ჩამოშლილი ქანები ისევ შეავსო ბეტონით. 

“პროექტში რაც ეწერა ჩვენ გავაკეთეთ ის და დანარჩენი არ ვიცი. მე, როგორც ვიცი მერიამ გააკეთებინა ეგ პროექტი, როგორც ჩანს თავიდან არ იყო პროექტი სწორი გაკეთებული და მაგიტომ მოხდა ეს. ჩვენი გაკეთებული არ გაფუჭებულა არაფერი და ქანების ჩამოშლა უკვე ჩვენი საქმე არ არის,” – გვეუბნება კომპანიის დირექტორი, ლევან თუთბერიძე.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შპს “სანდომ” მოამზადა, რომელსაც ასეთი საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. დოკუმენტში წერია, რომ სასურველია, საპროექტო ხიდის ბურჯებს გაუკეთდეს გაძლიერებული ფუნდამენტები, მაგალითად, მარჯვენა მხარეს ნაპირის ბურჯთან ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რათა ხიდის ბურჯებზე წყლის ძირითადი დარტყმა თავიდან აიცილონ. 

ამ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 5,000 ლარი გადაიხადა, თუმცა, როგორც ჩანს მშენებელმა კომპანიამ შემდეგ ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. 

ნაპირსამაგრი სამუშაოები არც შემდეგ ჩატარებულა, როცა 2017-18 წლებში განმეორებითი  გამაგრების შემდეგ, ხიდის შიდა ჯებირები ისევ ჩამოიშალა. ჩვენ ამ ხიდის მდგომარეობის შესახებ თებერვალში შევიტყვეთ და მეტი ინფორმაციისთვის მერიასაც მივმართეთ. ამის შემდეგ მერიამ სამუშაოები ჩაატარა და ხიდის ჯებირები დროებით გაამაგრა. 

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, სოფიკო ყანჩაველმა, გვითხრა, რომ დაზიანებული ხიდის ორივე მხარეს ქანები ახლა გასწორებულია და დასხმულია ბეტონის საფარი. წერილში, რომელიც ადგილობრივი მთავრობიდან მოგვწერეს, წერია, რომ ხიდის დაზიანება წლების განმვალობაში ძლიერი წვიმების შედეგად იყო გამოწვეული და მისი აღდგენა კომპანია “ლ.დ.მ. მშენს” არ ევალებოდა. 

ყანჩაველმა გვითხრა, რომ “ამ ხიდის შეკეთებაზე მუნიციპლაური ხარჯი არ გასულა.” “მაშინ რა ხარჯი გავიდა?” – ვეკითხებით პრესსამსახურის წარმომადგენელს. პასუხი არც მან იცის. 

თავიდანვე რომ არსებული სტანდარტით შედგენილიყო ხელშეკრულება მერიასა და შპს “ლ.დ.მ. მშენს” შორის, მაშინ იქ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საგარანტიო ვადა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთულ ხელშეკრულებაში, გარანტიის ველში კი წერია, რომ კომპანია იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოებს დადგენილი სტანდარტის ნორმების დაცვით. არსადაა მითითებული, რამდენი თვის ან წლის განმავლობაში ეკისრებოდა კომპანიას ხიდის დაზიანებების გამოსწორება. 

ლევან თუთბერიძე, შპს “ლ.დ.მ. მშენის” 50-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით თუთბერიძის ძმაა. დავითი საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილეა. 

“ლ.დ.მ. მშენს” დღემდე 8 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, ხუთი  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამარტივებული ელექტრონული შესყიდვაა სოფელ ჟონეთის და მამაწმინდას დამაკავშირებელი კიდული ხიდის სარებაილიტაციო სამუშაოები,  რომლის ღირებულება 100,000 ლარს შეადგენს.

ამ კომპანიის გარდა, ლევან თუთბერიძის სახელზე ცხრა კომპანიაა რეგისტრირებული, აქედან ხუთში  წილს ფლობს, დანარჩენ ოთხში კი დირექტორია. 

Related posts
იმერლების გასაჭირიმთავარი

როგორი იქნება ქუთაისის გენგეგმა?

მთავარი ფოტოს ორიგინალი ვერსია…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

“ქვიშით აშენებულები” - ნაწილი II

ინგა ჯაჯანიძის სახლი საჩხერეში, მთის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

ბიუჯეტის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯები

საქართველოს ბიუჯეტის 40 პროცენტი…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *