იმერლების გასაჭირიმთავარი

ნამახვანი – რას გვაკარგვინებს და რას გვაძლევს? – ნაწილი 2

სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ გავასაჯაროვეთ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი – საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული მემორანდუმი და ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ  გამოცემული ორი განკარგულება მიწების გადაცემის თაობაზე. ამ ნაწილში გიყვებით იმ ძირითად საფრთხეებზე და სარგებელზე, რასაც ჰესი ქვეყანას მოუტანს. 

საფრთხეები: 

  1. კულტურული მემკვიდრეობის დატბორვა;
  2. მდინარე რიონში იშვიათი ზუთხის ჯიშის დაკარგვა;
  3. სეისმოლოგიური პროცესების გამო კაშხლის დაზიანება და ქუთაისის დატბორვის შანსი; 
  4. დატბორილი ტერიტორიის მიმდებარედ ეკოსისტემის ცვლილება;
  5. ლეჩხუმის მიკროზონებში ვაზის ჯიშებზე ტენიანობის გავლენა;
  6. წყალტუბოს თერმულ წყლებზე გავლენა.

გარემოებები, რომელსაც სარგებლად წარმოაჩენს მთავრობა: 

  1. 6.2 ცენტად შევიძენთ 1,500 გვტ/სთ ელ.ენერგიას გარანტირებულად, 15 წლის განმავლობაში, სექტემბერი-აპრილის მონაკვეთში. ფასი ყოველწლიურად გაიზრდება, მინიმუმ 3 პროცენტით;
  2. 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც სრულად საქართველოში არ დაიხარჯება, რადგან ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ჰესის ასაშენებლად საჭირო ტექნიკას, სისტემას და მასალებს;
  3. ქართველთა დასაქმების შანსი იმ შემთხვევაში, თუ ქართველთა კვალიფიკაცია ინვესტორისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

“ენკა რინიუებლზმა” რიონზე ჰესის მშენებლობისთვის მზადება 2019 წლის ბოლოს დაიწყო. მოამზადა საჭირო კვლევების ნაწილი. ნაწილი კი დღემდე საჯარო არაა. მათ შორის ისეთი კვლევები, რომელსაც ჰესის ავკარგიანობაზე ბევრის თქმა შეუძლია. 

ნებისმიერი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიამ მთავარი დოკუმენტი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოამზადოს. ამ დოკუმენტში ვრცლად, დეტალურად და სრული სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი, რა გავლენას იქონიებს პროექტი გარემოზე.  

“ენკა რინიუებლზმა” გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში 2019 წლის 8 ნოემბერს წარუდგინა. სამინისტრომ წარდგენილ მასალაზე დაყრდნობით ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა. დასკვნაში წერია, რომ სამინისტრო კომპანიას 23 კვლევის დაზუსტებას და დეტალურ დასაბუთებას სთხოვს. მათ შორის, პროექტის ავ-კარგიანობის შესაფასებლად საჭირო კვლევებისაც:

  1. დაზუსტდეს კურორტ წყალტუბოს თერმულ წყლებზე მოახდენს თუ არა ზემოქმედებას;
  2. მეტი ინფორაცია სეისმოლოგიურ კვლევასთან, რისკებთან და მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით;
  3. ჩატარდეს მეტი კვლევა მეწყერულ ზონებთან დაკავშირებით; 
  4. წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური იქთიოლოგიური კვლევები (ზუთხის საკითზე). 

მთავრობას კი “ენკა რინიუებლზისგან” ჯერ არაფერი მიუღია ან მიიღო და არ ასაჯაროებს. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროს და კომპანია “ენკას” ვთხოვეთ, გამოეგზავნათ დაზუსტებული და დასაბუთებული კვლევები. მათგან კვლევების განახლებული ვარიანტები ვერ მივიღეთ. მიუხედავად ამისა, კომპანია სამუშაოებისთვის აქტიურად ემზადება, სამშენებლო მოედანს აწყობს და ამ პროცესს პოლიციაც იცავს. 

“გიგანტური” ჰესი მიწისძვრებით დახუნძლულ ტერიტორიაზე

რეალობა ასეთია, რომ სეისმურად ერთ-ერთ აქტიურ რეგიონში “გიგანტური” ჰესი სათანადო სეისმოლოგიური კვლევის გარეშე შენდება. გარემოს დაცვის სამინისტრო სეისმოლოგიის ნაწილის გავრცობასა და დეტალურ დასაბუთებას ითხოვს. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის თქმით, დასკვნების სწორად გაკეთებას ჯერ ტერიტორიაზე ხანგრძლივი დაკვირვება სჭირდება. ამ პროცესში ბევრი მეცნიერი და სპეციალური ხელსაწყოები უნდა იყოს ჩართული. თეა გოდოლაძის თქმით, საპროექტო არეალში არათუ სეისმური აპარატურაა განლაგებული, არამედ პირველი მეტეოროლოგიური სადგური 2 თვის წინ დაამონტაჟეს. 

ჩენ ვთოხვეთ, კომპანიას გამოეგზავნა იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარებით ნამდვილად მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი. ასეთი დოკუმენტი თუ კვლევის შედეგი, მათგან ვერ მივიღეთ. ზეპირსიტყვიერად გვითხრეს, რომ კვლევა ამ მიმართულებით ახლაც მიმდინარეობს.  

“საინჟინრო მოდელირებამდე საერთოდ არავინ მივიდა. აღებულია ასეთი მიდგომა, რომ თურმე 10,000 წელში, იმ ტერიტორიაზე მაქსიმალური მიწისძვრა, რაც შეიძლება დაფიქსირდეს, არ გდააჭარბებს 5 მაგნიტუდიან მიწისძვრას. წარმოიდგინეთ, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი შენდება არის მომხდარი 7 მაგნიტუდიანი მიწისძვრა და შეიძლება მომავალშიც მოხდეს. ამის პოტენციალი არის. გაცილებით ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა დათვლილი,“ – ამბობს თეა გოდოლაძე.

მიწისძვრების რუკა საპროექტო არეალში – აღებულია კომპანიის მიერ მომზადებული გზშ-დან 

ნამახვანჰესზე საუბრისას ყველაზე ხშირად გვესმის ვარაუდები ქუთაისის შესაძლო დატბორვაზე. როგორც სეისმოლოგიის ინსტიტუტის მიერ გაკეთებულმა მოდელირებამ აჩვენა, წყალდიდობის შემთხვევაში, დაახლოებით, 19 წუთში 39-მეტრიანი ტალღა დაარტყამს ქუთაისს. 

“არსებული მონაცემები არის დასაზუსტებელი, ცდომილება არის პლიუს მინუს 5 მეტრი. ანუ, ეს რას ნიშნავს? 39 მეტრი ხომაა პროგნოზი, შეიძლება იყოს 34 ან 44, ეს ცვლის რამეს?! გინდა 30 მეტრიანი ტალღა ყოფილა და გინდა 20 მეტრიანი. რად უნდა ამას დიდი მოდელირება? ის ასი მეტრის სიმაღლის წყალი რომ წამოვა, ქუთაისამდე ჩააღწევს 30 მეტრი და მანამდე კი დაარტყამს დანარჩენ სოფლებს. მარტო ქუთაისში ხომ არ ცხოვრობს ხალხი თუ დანარჩენის სიცოცხლე არ გვაინტერესებს?”- ამბობს თეა გოდოლაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

“ენკა რინიუებლზში” გვიპასუხეს, რომ 2020 წელს მათ მოიწვიეს სეისმოლოგი ბერნარ ბლანკი. მას შეამოწმებინეს არსებული დოკუმენტაცია და ახალი დასკვნის მომზადებაც სთხოვეს. “მისი დასკვნები დაემთხვევა studio pietrangeli-სა და temelsu-ს წინა კვლევებს, რამაც დამატებით გაგვიმყარა აზრი პროექტირებისას გამოყენებული სეისმური პარამეტრების სიზუსტის შესახებ,” – წერია “ენკას” მიერ გამოგზავნილ წერილში. 

ჩვენ ვთხოვთ ამ კომპანიას, რომ მოეწოდებინათ ბლანკის დასკვნა და განახლებული დოკუმენტები, რაც მათგან ვერ მივიღეთ. სეისმოლოგიის კვლევის ეს დოკუმენტები არც სამინისტროს აქვს ან აქვს და არ ასაჯაროებს. 

კომპანიის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს ეჭვის თვალით უყურებს “მწვანე ალტერნატივაც.” ეს ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტებს აქტიურად აკვირდება, რისკებს აფასებს და პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის იბრძვის. 

“არ შეიძლება, ჯერ ხელშეკრულება გააფორმო და მერე დაიწყო შესწავლა. ჯერ უნდა ყოფილიყო შესწავლები, ამის შემდეგ უნდა გამოვლენილიყო, შეიძლებოდა თუ არა იქ ჰესის აშენება და აი, ამის შედეგად თუ რამის გაკეთება იყო შესაძლებელი, ამაზე უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება. აქ კი, რა მოხდა? გადაწყვეტილება მიიღეს, ხელშეკრულება გაფორმდა, ყველა პარამეტრი შეათანხმეს ერთმანეთთან. ამის შემდეგ, უბრალოდ, კანონმდებლობის მოთხოვნების ვითომ შესრულების მიზნით დაიწყეს რაღაც ქმედებები. ასე ხდება ყველა ჰიდროელეტროსდგურზე საქართველოში. ნაცნობი პრაქტიკაა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მარტო ეს პროექტი კი არაა უკუღმართი, სამინისტროს ჩართულობაა უკუღმართი და ეწინააღმდეგება ევროკაშირის ენერგოთანამეგობრობის როგორც პრინციპებს, ასევ მთავარ მოთხოვნებს,” – გვიზიარებს თავის დაკვირვებას დათო ჭიპაშვილი, “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი. 

სამინისტროს წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩაწერა ვცადეთ, მაგრამ უარით გამოგვისტუმრეს.  მათთვის უნდა გვეკითხა, რატომ აძლევს სამინისტრო და მოქმედი სისტემა კომპანიას ხე-ტყის გაჩეხვის, მიწის მოჭრის უფლებას მაშინ, როცა საბაზისო და მნიშვნელოვანი კვლევებიც კი არაა საფუძვლიანად ჩატარებული. 

არ დაგვავიწყდეს ერთი გარემოებაც: შპს “ქლინ ენერჯი,” ნორვეგიული კომპანია, რომელიც შპს “ენკა რინიუებლზის” თანამფლობელია, მონაწილეობდა შუახევჰესის მშენებლობაშიც. ამ ჰესს გახსნიდან ორ თვეში გაუჩნდა ტექნიკური პრობლემა, გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. “მწვანე ალტერნატივა” შუახევჰესის შემთხვევაშიც თვლიდა, რომ არსებული კვლევა და გზშ არ იყო სრულყოფილი და პროექტი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა. 

თუ არ იქნება რიონი, გაქრება ზუთხიც

გზშ-ს მიხედვით, რიონში 34 სახეობის თევზია აღმოჩენილი. აქედან, ოთხი ზუთხია: ატლანტური (ფორონჯი), რუსული, კოლხური და სპარსული ზუთხი. ზუთხისებრების ყველა ის სახეობა, რომელიც საქართველოს წყლებში ბინადრობს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი. 

მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ მთავრობამ ზუთხზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად სპეციალური ჯგუფის შექმნის ვალდებულებაც აიღო. ამ ჯგუფს, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კასკადის მართვის გეგმა უნდა მოამზადოს. ამ დრომდე ზუთხის დასაცავად მთავრობას ეს ღონისძიებები რომ არ გაუტარებია, ამას დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ.

“ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი” გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც 1903 წლიდან ბუნების კონსერვაციის საკითხებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. მათ ზუთხისებრთა დაცვის პროექტი საქართველოში 2017 წელს დაიწყეს. 

ორგანიზაციის მტკიცებით, რიონი ბოლო მდინარეა საქრთველოში სადაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრები კვლავ გვხვდებიან. “ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის” წარმომადგენელი საქართველოში მიხეილ ფოცხიშვილია. ის კარგად ხედავს, თუ რა ზიანს მიაყენებს ნამახვანჰესი რიონში მობინადრე ზუთხს. 

“ჰესის მშნებლობით და მასთან დაკავშირებული რიგი მიზეზებით ეს  შეიძლება იყოს გამოწვეული (ზუთხზე ზეგავლენა). მაგალითად: მდინარის დინების ცვლილებით, ამაში ვგულისხმობ წყლის ტემპერატურის ცვლილებას, ნატანის ჩამოტანას და სხვადსახვა ფაქტორებს, რომელმაც შეიძლება საქვირითე არეალებზე მოახდინოს გავლენა და ზუთხმა ვეღარ იქვირითოს, შემდეგ კი გაქრეს,”- გვიხსნის მიხეილ ფოცხიშვილი, რომელიც უკვე წლებია ზუთხის კონსერვაციის საკითხზე მუშაობს საქართველოში.

მიხეილ ფოცხიშვილმა გარემოს დაცვის სამინისტროს პირველად 2019 წლის 13 იანვარს მიწერა და რიონზე კვლევების შესახებ მეტი სიზუსტე მოთხოვა. სამინისტროს პასუხი მათთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი და ზოგ შემთხვევაში კითხვაზე პასუხიც ვერ მიიღეს. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ არ მიეცა კომპანია “ენკასთვის” მშნებელობის უფლება, ვიდრე რიონის აუზს კარგად არ შეისწავლიდნენ.

“კვლევები, რაც ჩატარდა, იყო ზედა წელში. ქვედა წელში რა ზეგავლენა ექნება ჰესის მშენებლობას მდინარის ბიომრავალფეროვნებაზე, უხერხემლოებზე, არ ვიცით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მთელ ხეობაზე შეიქმნას სტრატეგიული გარემოსადცვითი შეფასების ანგარიში და გავიგოთ, რა ჯამური გავლენა აქვს დაგეგმილ ჰესებს ხეობაზე. ჩვენ არ ვიცით, რა სახეს მიიღებს მდინარე ამდენი ჩარევით, თუნდაც, დაბინძურების კუთხით,” – გვეუბნება ფოცხიშვილი.

გზშ-ში თევზის საკითხზე მოცემული კვლევა რომ არაზუსტი იყო, ამას თავად სამინისტროც აღირებდა. გზშ-ს შეფასების დოკუმენტში გარემოს დაცვის სამინისტრო წერს, რომ “გზშ-ის ანგარიშში მდ. რიონის თევზების სახეობათა ჩამონათვალში (ლიტერატურული მონაცემებით) მოცემულია ისეთი თევზის სახეობები, რომლებიც ისტორიულად მდინარის ამ მონაკვეთზე არ ყოფილა და ფიზიკურად ვერც იქნებოდა, რაც საჭიროებს დაზუსტება/კორექტირებას.”

“ენკა რინიუებლზმა” გვიპასუხა, რომ ზუთხის გამრავლების ადგილი მათი საპროექტო არეალიდან 80კმ-ით ქვემოთ მდებარეობს და ჰესის მშენებლობას ამასთან კავშირი არ აქვს. თუმცა, წელს მაინც აპირებენ კვლევის დაწყებას. “ზუთხის ჰაბიტატის დაცვას და შენარჩუნებას მდინარე რიონში, ინტეგრირებული მიდგომა სჭირდება, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე იქნება ჩაბმული, სახელმწიფოსა და ჰესების ოპერატორების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სპეციალური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაკომპლექტდება ყველა ჰესის ოპერატორითა და დაინტერესებული მხარით,” – გვწერენ კომპანიიდან. 

ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნას და მათ საქმიანობას ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი თანხები დასჭირდება და ვისი გადასახდელი იქნება ეს ფული? პასუხს ადვილად მიხვდებით. 

წყალში ჩასაძირი კულტურული მემკვიდრეობა 

ნამახვანჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში ორჯერ მომზადდა, ჯერ 2015 წელს და შემდეგ განახლდა 2019 წელს. განახლება იმან გამოიწვია, რომ ქვედა ნამახვანში განსათავსებელი ჰესის პარამეტრები შეიცვალა. ზედა ჰესის, რომელიც ტვიშში უნდა აშენდეს, პარამეტრები უცვლელი დარჩა, ამიტომ გზშ-ს განახლებაც აღარ იყო საჭირო. 

2015 წელს ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ რიონის ხეობაში 14 დასახლებული პუნქტი შეისწავლეს. მაშინ ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 19 ძეგლი, რომელიც პროექტის ზეგავლენის არეალში ხვდებოდა. აქედან 12 შუასაუკუნეებში აშენებული ეკლესიაა, დანარჩენი კი ციხე-კოშკები ან მათი ნანგრევები. 

ამ გზშ-ში დაზუსტებული არაა ამ ძეგლებიდან რომელი ხვდება დატბორვის ზონაში და რომელი არა; არც ისაა დაზუსტებული, რა ტიპის ზემოქმედება ექნება ჰესსა და წყალსაცავს მათზე. 

გარდა ამისა, გზშ-ში ჩამოთვლილია 23 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთაგანაც 13 წყლით დაიტბორება. დანარჩენი 10 კი არის სამშენებლო და დასატბორი არეალის მიღმა. დასატბორი არქეოლოგიური ობიექტების ნაწილი ძველი წელთაღრიცხვის v-vi ათასწლეულს მიეკუთვნება, ნაწილი შუასაუკუნეებს. 

წყალსაცავების წყლით დასაფარი ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულია ორი სოფლის, მოლეკულასა და ონჭეიშის სასაფლაოები. 2015 წელს მომზადებულ გზშ-ში წერია, რომ წყალსაცავების წყლით შევსებამდე, შესაბამისი წესების დაცვით, უნდა გადაასვენონ გვამები და დაიწყონ სასაფლაოს ნაგებობების დემონტაჟი. 

2019 წლის გზშ-ს ანგარიშში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხს სულ რამდენიმე აბზაცი ეთმობა: “საპროექტო ცვლილებების გავლენის ზონაში მოქცეულ ტერიტორიებზე ხილული ისტორიულ-კულტურული ძეგლები განთავსებული არ არის. მათზე პირდაპირი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.”

როგორც კომპანია “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელმა, ჯუღული ახვლედიამა გვითხრა, 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე ახალი არაფერი აღმოუჩენიათ და ამიტომაც გზშ-ში არაფერი ჩაწერეს.  

არადა, ამბავი ამგვარად იყო. 2019 წელს, ვიდრე “ენკა რინიუებლზი” გზშ-ს სახეცვლილ დოკუმენტს სამინისტროს წარუდგენდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა დაიწყო. 

2019 წლის იანვარში, ნამახვანჰესის პროექტის თანაინვესტორმა, შპს “ქლინ ენერჯი ჯგუფმა” საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო არეალზე ძეგლებისა და არტეფაქტების კვლევა დაუკვეთა. მუზეუმის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ჯგუფმა აღმოაჩინა 10 ობიექტი, რომელიც დამატებით არქეოლოგიურ კვლევას საჭიროებს. ეს დასკვნა “ქლინ ენერჯი ჯგუფსაც” გადაეცა და წესით, გზშ-შიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. 

ამის შემდეგ, “ენკა რინიუებლზმა” ძეგლების კვლევა კიდევ ერთხელ ჩაატარა. ამ ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკვეთეს. შესამოწმებელ არეალად განისაზღვრა რიონის სანაპიროები ჟონეთში, ზარათში, რიონში, ნამოხვანში, მეჩხერსა და ოფურჩხეთში. 

სააგენტომ 2019 წლის 19 ივნისს კომპანიას უპასუხა, რომ საკვლევ ტერიტორიაზე არქეოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტები და არტეფაქტები ვერ იპოვეს. გზშ-შიც ასეთივე ჩანაწერია. 

თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. შუასაუკუნეების ეკლესიები პირდაპირ რიონის ჭალაში ან მდინარის ნაპირებზე არაა აშენებული. შესაბამისად, სააგენტოს წარმომადგენელი მათ იქ ვერ იპოვიდა. სოფლის შუაგულში კი არ შესულან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობას უძრავი ქონება უკვე დაატოვებინეს და მათი ნაწილი დაიტბორება. 

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის თანახმად, ამ სოფლებიდან მხოლოდ ერთში, მეჩხერში არ მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი. 

სააგენტოს საიტზე განთავსებული ნუსხის თანახმად, სოფელ მექვენაში ორი ძეგლია, მთავარანგელოზის ეკლესია (მე-19 საუკუნე) და ციხე კოშკი (შუა საუკუნეები). ორივე რეესტრში შეიტანეს 2019 წლის 22 ნოემბერს. სოფელ რიონში მაცხოვრის ეკლესიაა, გვიანი შუასაუკუნეების ძეგლი. რეესტრში შეიტანეს 2007 წელს. სოფელ რიონში კიდევ არის სამი ძეგლი, ნაეკლესიარი, ციხის ნანგრევი და ციხის ნაშთი, ყველა მათგანი შუა საუკუნეებისაა და 2007 წელსაა ნუსხაში რეგისტრირებული. სოფელ ჟონეთში არის ორი ძეგლი, მე-19 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია სასაფლაოზე და ნაეკლესიარი იქვე, მოქმედ ეკლესიასთან. რეესტრში ესენიც 2007 წელს შეიტანეს. სოფელ ზარათში არის ოთხი ძეგლი, ორი კოშკის ნანგრევი და ორი ეკლესია შუასაუკუნეებიდან, ესენიც 2007 წელსაა რეგისტრირებული. სოფელ ნამოხვანშია მე-19 საუკუნის ეკლესია, 2007 წელს რეგისტრირებული. სოფელ ოფურჩხეთშია მე-19 საუკუნის ეკლესია, რეესტრში 2007 წელს რეგისტრირებული. 

კულტურულ მემკვიდრეობაზე ჰესის ზემოქმედების უფრო ზუსტ სურათს დავინახავდით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სთხოვდა დასკვნას იმაზე, თუ რომელი ძეგლები იტბორება, რომელი არ იტბორება, მაგრამ დაკარგავს მისასვლელ გზას წყალსაცავის გამო და შემდეგ მათზე ტენიანობა იმოქმედებს. სააგენტოს მსგავსი კვლევა ჯერ არ ჩაუტარებია. 

კომპანია “ენკა რინიუებლზმა” წერილობით გვაცნობა, რომ “მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე განხორციელდა პირველადი სადაზვერვო სამუშაოები, ხოლო აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია ვალდებულია, განახორციელოს ისტორიულ-კულტურულ ან არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენის მიზნით დეტალური კვლევა.” 

რა სარგებელი მოაქვს ნამახვანჰესს? 

მარტის დასაწყისში “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გამოაქვეყნა ვრცელი ანალიზი იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მოუტანს ან რით აზარალებს,  “ნამახვანჰესი”  ქვეყანას. ცენტრის იურისტებმა შეისწავლეს ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ თებერვლის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ. 

ორგანიზაციის ანალიზი ვრცელია და დეტალურად მიმოიხილავს ხელშეკრულების საკვანძო ნაწილებს. ვრცლად ეს ნაშრომი ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ. აქ კი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ციტატას მოვიხმობთ იმ თემებზე, რომლითაც ჩვენი მინისტრები ხშირად მანიპულირებენ. 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, ეს ხელშეკრულება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფინანსურ ტვირთებს ითვალისწინებს. მაგალითად, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას. სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ხელშეკრულების მიხედვით მთავრობა კომპანიას ჰპირდება, რომ დაეხმარება საჭირო მიწის ნაკვეთების მიღებაში, ბუნებრივი რესურსების ულიცენზიოდ განკარგვაში და წყლის რესურსით უზრუნველყოფაში (იგულისხმება რიონი და ცხენისწყალი). 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დასკვნის თანახმად, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს. “იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან. ამიტომაც, ადგილობრივების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ე.წ. შავ სამუშაოზე დასაქმდება. შესაბამისად, თუ კომპანია იაფ და მათი შეფასებით “კვალიფიციურ” მუშახელს ადგილზე ვერ მოიძიებს, სრულებით თავისუფალია, ასეთ მუშახელად უცხოელები გამოიყენოს, – წერია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია. ამ დოკუმენტში დათმობილია სახელმწიფო ინტერესები  კერძო კომპანიის სასარგებლოდ. ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.  

გამოძიების შემდეგ ნაწილში მოგიყვებით იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ნამახვანის კასკადი რიონის ხეობის ეკოსისტემას, წყალტუბოს თერმულ წყლებსა და ტვიშის ცოლიკოურს. 

Related posts
მთავარიმიჩქმალული ამბები

შენიღბული ინტერესთა კონფლიქტი ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერია ტენდერებს თავისი…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

რამდენი ადამიანი მართავს ქუთაისს?

ხატია ბანძელაძემ მერიაში განცხადება…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

იმერლების გასაჭირიმთავარიმიჩქმალული ამბები

"შინაურობაში" გადახურული გელათი

Worth reading...