მთავარიმიჩქმალული ამბები

რამდენს ხარჯავს ქუთაისის მერია რესტორნებსა და სასტუმროებში

2020 წელს ქალაქ ქუთაისის მერიამ საკვებისა და სასტუმროს მომსახურებისათვის 71,750 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო. ამ დროისთვის დახარჯულია 25 ათასამდე ლარი. დარჩენილი 45,069 ლარის ათვისება ქალაქის მმართველობით ორგანოს 2021 წლის იანვრის ბოლომდე შეუძლია.

საკვებისა და სასტუმროს მომსახურების შესაძენად სახელმწიფო ორგანოები პირდაპირ, გამარტივებულ შესყიდვებს იყენებენ. გამარტივებული შესყიდვების დროს მთავრობა თავისი ნება-სურვილის მიხედვით არჩევს მომწოდებელს, ოფიციალური კონკურსის გარეშე. 

ჯამში “აი, ფაქტმა” ქუთაისის მერიის 11 შესყიდვა შეისწავლა. ყველა მათგანისთვის დახარჯული თანხა  წარმომადგენლობითი ხარჯის კატეგორიას მიეკუთვნება.

წარმომადგენლობითი ხარჯი არის ამა თუ იმ პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს პირის სახელით გამართული  ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული კვებითი მომსახურების თანხებს, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით, სტუმრების მომსახურების (სასტუმრო, ვახშამი, ტრანსპორტი, ვიზის დამზადება-გაგრძელება, აეროპორტში დახვედრა), სუვენირების შეძენის ხარჯებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის ბრძანების თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევისას სახელმწიფო ორგანოს შეუძლია მომსახურება გამარტივებული (უკონკურსო) წესით შეიძინოს, თუკი ამ გარიგების ღირებულება 5,000 ლარს არ ცდება.

მერიამ კვებისა და სასტუმროს მომსახურება შემდეგი სუბიექტებისგან შეიძინა: 

  1.  ინდ.მეწარმე მაია კეზევაძე – 2,000 ლარი – წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის. აქედან ქალაქის მერიამ ჯერ მხოლოდ 875 ლარი გამოიყენა. თანხა  unicef -ის წარმომადგენლებისა და პოლონეთის ელჩის ვახშამში დაიხარჯა;
  2. რესტორანი “საწნახელი” – 500 ლარიანი ხელშეკრულება მერიის სტუმრების მომსახურებისთვის. აქედან ჯერ მხოლოდ 209 ლარია დახარჯული;
  3. შპს “მირაჟი” – 1,250 ლარი ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების დენდროლოგიურ პარკში ექსკურსიისა და საკვებით მომსახურებისთვის;
  4. რესტორანი “მაგნოლია” – რესტორანი ქალაქის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ბიზნესპარტნიორებს ეკუთვნის. მერიამ მათთან 5,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო, აქედან 260 ლარი დაიხარჯა უკრაინის ელჩისა და მისი თანმხლები პირისთვის გაწეულ კვებით მომსახურებაში, 1,279 ლარი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავასა და პროგრამა “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებისათვის გამართული სადილისთვის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის ათვისება მერიას წლის ბოლომდე შეუძლია;
  5. შპს “ბუტიკი ქუთაისი” (რესტორან-სასტუმრო “სოლომონის” მფლობელი) – 5,000 ლარი -აქედან ნაწილი დაიხარჯა “ტორპედო ქუთაისის” იტალიელი ინვესტორისა და მისი თანმხლები ათი პირის , ხოლო ნაწილი -ბაგრატის ტაძარში ჯვრისწერაზე ჩამოსული აფხაზი წყვილისა და მათი თანმხლები 25 პირისთვის კვებითი მომსახურების გასაწევად;
  6. შპს “ლა ფეტი” – 3,000 ლარი- აქედან 643 ლარი დაიხარჯა ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქალაქის საკრებულოს შორის მემორანდუმის გამართვის აღსანიშნავ ფურშეტზე;
  7. სასტუმრო “ბაგრატი 1003” – 10,000 ლარიდან ათვისებულია 1,340 ლარი.  აქედან 200 ლარი, ქუთაისში კონცერტის გასამართად ჩამოსული დავით ალადაშვილისა და ანი უგულავასათვის ნომრის დაქირავებაში; 500 ლარი- ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ჯვრისწერისათვის ჩამოსული წყვილის სასტუმრო მომსახურებაზე; ხოლო 640 ლარი – სუხიშვილების ანსამბლის ყოფილი მოცეკვავებისათვის ნომრის დაქირავებაში;
  8. შპს “ანასტასია” (კაფე-ბარ “არგოს” მფლობელი კომპანიაა) – 10,000 ლარიდან 195 ლარი თოჯინების სახელმწიფო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ქუთაისში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთათვის გამართული ფურშეტისთვის დაიხარჯა; 135 ლარი იტალიის ელჩისა და თანმხლები პირების სადილისთვის;  ქუთაისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პოლონეთის დელეგაციისათვის გაწეული კვებითი მომსახურებისათვის 412 ლარი; 1,620 ლარი ამერიკის ელჩისა და მისი დელეგაციისათვის გამართული ფურშეტისათვის;
  9. შპს “სანო” – 5,000 ლარიდან ამჟამად ათვისებულია 671 ლარი, რაც ქალაქში ვიზიტად ჩამოსული იტალიელი ინვესტორების კვებით მომსახურებაზე დაიხარჯა; 
  10. შპს “ქუთაისი 2021” – 20,000 ლარიდან  8,665 ლარი მერიამ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ეტაპობრივად გამოიყენა. თანხები მოხმარდა ქალაქში სტადიონის გახსნის აღსანიშნავად გამართულ ფურშეტს; ქუთაისელი მწერლის, სიმონ არველაძის იუბილესადმი მიძღვნილ ვახშამს; კინოკვირეულის “ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში” ფარგლებში გამართულ წვეულებას და ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მოწყობილ კონფერენციაზე “შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი” მოწვეული სტუმრების კვებით მომსახურებას;
  11. ინდ. მეწარმე მაკა სილაგაძე – 10,000 ლარიდან  7,429 ლარი უკვე ათვისებულია. თანხების უმეტესობა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, ქალაქის მერიის მიერ შექმნილი მოხალისეების კვებისთვის დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ გამარტივებული შესყიდვების დროს კონკურენციის არარსებობიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა პრინციპით უფორმდებათ კომპანიებს ხელშეკრულებები. ამავე დროს არსებობს რისკი, რომ ბიუჯეტის თანხები კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. შეაბამისად, აუცილებელია, დეტალურად დასაბუთდეს რატომ შეირჩა კონკრეტული სუბიექტი და რა უპირატესობა გააჩნდა მას კონკურენტებთან შედარებით.

Related posts
მთავარიმიჩქმალული ამბები

შენიღბული ინტერესთა კონფლიქტი ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერია ტენდერებს თავისი…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

რამდენი ადამიანი მართავს ქუთაისს?

ხატია ბანძელაძემ მერიაში განცხადება…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *