მიჩქმალული ამბებიმთავარი

სამტრედიის მერია 16 წელია ეკლესიის მშენებლობას ასიათასობით ლარს წირავს

ავტორები: თამუნა ქიმაძე და გიორგი ჯანგავაძე 

იმერეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ბოლო ოთხ წელში ადგილობრივ ეპარქიებს 4.5 მილიონ ლარამდე თანხა ჩაერიცხათ. მათ შორის სამტრედიის მერია ლიდერობს. იქაურმა მთავრობამ ეპარქიას 1,1 მილიონი ლარი გადაურიცხა. მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ეს თანხა ეკლესიისა და კომპლექსის მშენებლობას მოხმარდა. 

თუ სამტრედიის ბიუჯეტს დავაკვირდებით, ვნახავთ რომ  ეპარქიისთვის მიცემული თანხები აღემატება ბიბლიოთეკისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროების ყოველწლიურ დაფინანსებას. 

სამტრედიის ცენტრში მართლაც დგას დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი და კომპლექსი, რომელიც 20 წელია შენდება და ჯერ ბოლომდე დასრულებული მაინც არაა. ამ ტაძრისა და კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივმა მოსახლეობამ 2.7 მილიონ ლარზე მეტი შეწირა.  

საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობას ჯონი ნადირაძე ხელმძღვანელობს. კომპლექსი მოიცავს ტაძარს, სამრეკლოს და ტაძრის უკან მშენებარე, სულიერებისა და კულტურის სახლის საპატრიარქოს რეზიდენციას. ჯონი ნადირაძე გვეუნება, რომ  21 წელია ტაძრის ეზოში მდგარი ვაგონიდან კურირებს ამ საქმეს. 

ტაძრის მშენებლობა 1991 წლის ივნისში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ტაძრის მშენებლობა შეწყდა. ამ დროს, როგორც ჯონი ნადირაძე გვეუბნება, საძირკვლის 70 პროცენტი იყო დამთავრებული. 8 წლის განმავლობაში მშენებლობა შეჩერდა. ჯონი ნადირაძე ამბობს, რომ 1999 წელს მან და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, მშენებლობა გაეგრძელებინათ. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. იმ დროს გამგებელი თეიმურაზ ყაჭეიშვილი იყო, რომელიც ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ საბას დაუკავშირდა. მშენებლობაც გაგრძელდა.

“ანგარიშის ნომერი გვქონდა. ზოგიერთი ამ ანგარიშზე რიცხავდა, ბანკში შექონდა, ზოგი აქ მოდიოდა და მოქონდა. ჩვენ მოხალისეები გვყავდა უბნების მიხედვით, პირდაპირ სიას წერდნენ და ზოგი 1 ლარს აძლევდა, ზოგი 20 თეთრს აძლევდა და აი ასე გროვდებოდა,” – გვიყვება ჯონი ნადირაძე.

ჯონი ნადირაძე თავის სამუშაო მაგიდასთან

მოსახლეობა მხოლოდ ფინანსურად არ ეხმარებოდა ტაძრის მშენებლობას. ნადირაძის ნაამბობიდან ვხვდებით, რომ ხალხს მშნებელებისთვის საკვებიც მიჰქონდა და ეს ტრაპეზიც შემოწირულობად აღირიცხებოდა. 

ჯონი ნადირაძის თქმით, საკათედრო ტაძარი მხოლოდ მოსახლეობის შეწირული თანხითაც აშენდებოდა: “ცოტა გაგრძელდებოდა, დრო მეტი დაჭირდებოდა, ვთქვათ, ერთი-ორი წელი, მაგრამ აუცილებლად აშენდებოდა.”

“თუ რამე მქონია, 5 ყოფილა, 10 ყოფილა გადამიხდია და კიდევ თუ იქნება საჭირო, მივიღებ მონაწილეობას,” – ამბობს სამტრედიის მკვიდრი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა. 

წმინდა დავით აღამშენებლის სახელობის საკეთდრო ტაძრის კომპლექსის  მშენებლობას თანხას სწირავდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, ასევე რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი ხელფასიდან ყოველთვიურად იხდიან. 

“ვრიცხავთ ხოლმე ხელფასიდან თანხას, პატარა პროცენტს, მიზერია, მაგრამ ყველა სურვილისამებრ აკეთებს”, – ამბობს ალექსანდრე ალფაიძე, რკინიგზის თანამშრომელი.

თუკი კერძო პირების მიერ შეწირული თანხა კომპლექსისა და ტაძრის მშენებლობისთვის საკმარისი იყო, მაშინ რატომ ჩათვალა სამტრედიის მთავრობამ ამ მშენებლობაზე თანხის გამოყოფა მიზანშეწონილად? 

სამტრედიის მერიაში ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ვერც ის გვითხრეს გადაჭრით, რატომ არ ამოწმებდნენ ეპარქიის მიერ თანხის ხარჯვის მიზნობრიობას. 

“ჩვენგან არ კონტროლებდა, ჩვენ სუბსიდიას ვაძლევთ და თვითონ  განკარგავს. მასალას თვითონ ყიდულობდნენ და ინვოისებს აგზავნიდნენ, იმის მიხედვით”- ამბობს დავით ბაღდავაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. 

დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამტრედიაში

ბაღდავაძე ტაძრის მშენებლობის რამდენიმე მიღება-ჩაბარებაზე აწერს ხელს. ხელის მოწერამდე, როგორც წესი, უნდა მოწმდებოდეს თუ როგორ დაიხარჯა გადარიცხული თანხა. თუმცა, შესამოწმებლად ტაძრის მშენებლობის ადგილზე არავინ მისულა.

“ჩვენ ვაგზავნით მათი გადმორიცხული თანხა რაში დაიხარჯა, საბუთები მე მაქვს ადგილზე, იმიტომ რომ არ იტოვებენ, ასეა წესიო და რავიცი, ადრე იტოვებდნენ, რამდენიმე წელია აღარ იტოვებენ,” – გვიყვება ჯონი ნადირაძე. 

თუ რა ჯდება სრულად კომპლექსის მშენებლობა ჯონი ნადირაძე ვერ გვეუბნება. ამ ფაქტს კი იმით ხსნის, რომ ბევრი რამ მასალის სახით აქვს მიღებული და კონკრეტული თანხის დასახელება არ შეუძლია. 

სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის მშენებლობაც 2011 წელს დასრულდა, ახლა მოხატვის სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც დაახლოებით, 3-5 წლამდე დრო დასჭირდება. დასასრულებელია ასევე ტაძრის უკან მშენებარე “სულიერებისა და კულტურის ცენტრის საპატრიარქოს რეზიდენცია.” მისი მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. აქაც შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, 2 წლის შემდეგ, ეს ადგილი მზად იქნება მიიღოს როგორც პატრიარქი და მღვდელმთავრები, ასევე ახალგაზრდები, რომელთაც შესაბამისი სწავლება დაეწყებათ. 

Related posts
მთავარიმიჩქმალული ამბები

შენიღბული ინტერესთა კონფლიქტი ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერია ტენდერებს თავისი…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

რამდენი ადამიანი მართავს ქუთაისს?

ხატია ბანძელაძემ მერიაში განცხადება…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *